пятница, 9 мая 2014 г.

რა უპირატესობა აქვს 12 არხიან ჰოლტერის მონიტორს?

რა უპირატესობა აქვს 12 არხიან ჰოლტერის მონიტორს?


კითხვა. 
ბატონო დავით მითხრეს რომ მჭირდება კვლევის ჩატარება 12 არხიანი ჰოლტერის აპარატით, რომელსაც თქვენ უტარებთ პაციენეტებს. მაინტერესებს თუ რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი ჰოლტერის აპარატისგან და და რა უპირატესობები გააჩნია მას?
პასუხი:
გამარჯობათ ქალბატონო დიანა. ეს შეკითხვა ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ისმის პაციენტთა მეილებში, ამიტომ გადავწყვიტეთ გვეპასუხა საიტზე.
        მოგეხსენებათ ჰოლტერის მონიტორი არის პორტატული კარდიოგრაფი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იწერს ელექტროკარდიოგრამას. ჰოლტერის მონიტორთა უმრავლესობა 2 ან 3 არხიანია, ბოლო დროს გამოჩნდა 12 არხიანი ჰოლტერებიც. ეს საკმაოდ ძვირადღირებული მოწყობილობებია, რადგან არხების რაოდენობასთან ერთად მატულობს ელექტროენერგიის ხარჯი ბატარეებიდან. ბატარეის ტევადობა ვერ გაიზრდება პორტატულობის მოთხოვნებიდან გამომდინარე(ჰოლტერის გაბარიტებმა დისკომფორტი არ უნდა შეუქმნას პაციენტს) ამიტომ 12 არხიანი ჰოლტერები მზადდება პრინციპულად სხვა ელემენტურ ბაზაზე (ვგულისხმობთ ელექტრონიკას), განსხვავებით 2 და 3  არხიანი ჰოლტერებისაგან.
        ჰოლტერის მონიტორების პრობლემა არის ის, რომ როდესაც ადამიანი მოძრაობს, იძაბება, წელში იხრება და ა.შ. კარდიოგრამაზე იწერება არტეფაქტები(ხმაური) და ასეთ დროს პრაქტიკულად შეუძლებელია რაიმეს დაფიქსირება ექიმის მიერ. არადა არასასიამოვნო მოვლენები გულის მხრიდან სწორედ დატვირთვების დროს იჩენს ხოლმე თავს.
       12 არხიანი მონიტორის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ, როგორც არ უნდა მოიხაროს ან დაიტვირთოს ადამიანი, კარდიოგრამა ერთ ან ორ არხში მაინც იწერება არტეფაქტების გარეშე და მკვეთრად მცირდება იმის ალბათობა, რომ რაიმე არასასურველი გამოეპარება ექიმს. ამიტომ ასეთი მონიტორების დიაგნოსტიკური მნიშვნელობა გაცილებით უფრო მაღალია.
      გარდა ამის და ეს უფრო მთავარია, 24 საათიან ჰოლტერის მონიტორინგი გამოიყენება არა მხოლოდ არითმიული მოვლენების დიაგნოსტიკისთვის არამედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია–გულის იშემიური პროცესების დასაფიქსირებლად. იშემია მიოკარდიუმში შეიძლება წარმოიშვას გულის სხვადასხვა მიდამოში; მარჯვენა პარკუჭში, მარცხენა პარკუჭში, მარცხენა პარკუჭის წინა, უკანა, ლატერალურ კედლებში და აშ. ამიტომ 2 ან 3 არხიანი ჰოლტერის მონიტორინგი ვერაფრით ვერ შესძლებს გულის ყველა კედლის იშემიური პროცესების შეფასებას. ამიტომ ხშირად პასუხი იშემიის შესახებ შესაძლებელია იყოს უარყოფითი, როდესაც სინამდვილეში არსებობს  სიცოცხლისთვის საშიში იშემიური პროცესები. ასეთი გამორიცხულია კვლევის 12 განხრიანი ჰოლტერის მონიტორინგის განხორციელებისას.

Комментариев нет:

Отправить комментарий